ახლო აღმოსავლეთში ვითარება რთულია – ამერიკა-ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაციის მესამე დღეს იერიშები არ წყდება.
მატულობს მსხვერპლის რაოდენობა. აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად 555 ადამიანია დაღუპული, – აცხადებენ ირანში. ირანი ასევე იუწყება, რომ დაბომბილია მათი ერთ-ერთი ბირთვული ობიექტი.
პარალელურად, კვიპროსის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ბრიტანულ ბაზაზე თავდასხმა ირანული დრონით განხორციელდა, თუმცა, კვიპროსი რაიმე სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის გაგრძელების ბრძანება გასცა.
ამასთან, როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ისრაელი სამხედრო ოპერაციაში თავდაცვის ძალების უპრეცედენტო პოტენციალს იყენებს ქვეყნის უსაფრთხოებისა და მომავლის დასაცავად. მისი თქმით, განსაკუთრებულ როლს თამაშობს აშშ-სთან პარტნიორობა, პრეზიდენტ ტრამპისა და ამერიკული სამხედრო ძალების მხარდაჭერა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მოკლულია 48 ირანელი ლიდერი და ოპერაცია სწრაფად მიმდინარეობს. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში სამხედრო ოპერაცია დაახლოებით ოთხ კვირას გაგრძელდება. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ირანელი ოფიციალური პირები დაინტერესებულნი იყვნენ აშშ-თან მოლაპარაკებების გაგრძელებით, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, შეაჩერებს თუ არა აშშ ამისთვის დარტყმებს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ აშშ-მა და ისრაელმა სამხედრო ოპერაციები დიპლომატიის ჩაშლის მიზნით განახორციელეს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადანაშაულა დონალდ ტრამპი და განაცხადა, რომ მან გასცა „მოლაპარაკების მაგიდის დაბომბვის ბრძანება“.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირას აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ ირანის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილი, თუმცა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიღწეული პროგრესით „კმაყოფილი არ იყო“.
პარალელურად, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი აშშ-ს საკუთარი სამხედრო ბაზებიდან თავდაცვითი ოპერაციების განხორციელების ნებას რთავს. კირ სტარმერის თქმით, ლონდონი მიიჩნევს, რომ კრიზისის გამოსავალი მოლაპარაკებებშია – კერძოდ შეთანხმებაში, რომლითაც ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე უარს იტყვის. დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა ერთობლივი განცხადებაც გამოაქვეყნეს, რომელშიც ირანის სარაკეტო შეტევები „არაპროპორციულ“ ქმედებებად შეაფასეს.
კირ სტრარმერის, ემანუელ მაკრონისა და ფრიდრიხ მერცის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამივე ქვეყანა მზადაა, ნაბიჯები გადადგან რეგიონში საკუთარი და მოკავშირეთა ინტერესების დასაცავად. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კი მწუხარება გამოთქვა ხამენეის დაღუპვასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ თურქეთი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენისთვის ძალისხმევას გააგრძელებს.