დუბაის საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს ერთ-ერთ გამორჩეულ მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება სტრატეგიულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ და მიზანმიმართულმა პოლიტიკამ რეგიონული ტრანზიტული პუნქტი გლობალურ ჰაბად გარდაქმნას. ისტორიულად, დუბაი ავიაციის მსოფლიო ქსელში მოკრძალებულ როლს ასრულებდა და ფუნქციონირებდა, როგორც შუალედური გაჩერება ბრიტანეთის იმპერიიდან დაგეგმილი საჰაერო მიმოსვლისთვის, რომელიც უკავშირდებოდა ისეთ შორეულ მიმართულებებს, როგორიებიცაა ინდოეთი და ავსტრალია. XX საუკუნის შუა პერიოდში, კერძოდ 1960-იან წლებში, მისი ინფრასტრუქტურა შემოიფარგლებოდა უდაბნოს ქვიშაზე მოწყობილი მარტივი ასაფრენი ბილიკით, რომელიც ძირითადად გამოიყენებოდა საწვავის შევსების მიზნით.
თანამედროვე ეპოქაში დუბაი მნიშვნელოვნად ტრანსფორმირდა და გადაიქცა გლობალური საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთ ცენტრალურ კვანძად. ამ ტრანსფორმაციის ბირთვს წარმოადგენს დუბაის საერთაშორისო აეროპორტი (DXB), რომელიც დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ აეროპორტად მიიჩნევა. 2024 წლის მონაცემებით, აღნიშნული აეროპორტი მოემსახურა 92 მილიონზე მეტ მგზავრს, რაც მას საერთაშორისო სამგზავრო ნაკადების მიხედვით მსოფლიო ლიდერად აქცევს.
შედარებისთვის, ლონდონის ჰითროუს აეროპორტი-მა იმავე პერიოდში 83 მილიონზე ოდნავ ნაკლები მგზავრი მიიღო. აღსანიშნავია, რომ სპარსეთის ყურის რეგიონში დუბაი ერთადერთი ძლიერი ჰაბი არ არის: მნიშვნელოვანი კონკურენცია არსებობს აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტსა და ჰამადის საერთაშორისო აეროპორტს შორის, რომლებიც ერთობლივად ათობით მილიონ მგზავრს ემსახურებიან და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გლობალურ ავიაციაში.
ნორმალურ ოპერაციულ პირობებში სპარსეთის ყურის რეგიონში მდებარე სამი ძირითადი საავიაციო ჰაბი — დუბაის საერთაშორისო აეროპორტი, აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტი და ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი — ერთობლივად ყოველდღიურად 3000-ზე მეტ რეისს ემსახურება. აღნიშნული ფრენების მნიშვნელოვანი ნაწილი ხორციელდება რეგიონული ფლაგმანური ავიაკომპანიების მიერ, მათ შორის არიან ”Emirates”, ”Etihad Airways” და ”Qatar Airways”, რომლებიც გლობალურ საჰაერო ქსელში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
თუმცა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტურმა პროცესებმა არსებითი და მრავალმხრივი გავლენა მოახდინა საერთაშორისო ავიაციაზე. პირველ ეტაპზე ადგილი ჰქონდა ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ საჰაერო სივრცეში ფრენების მასშტაბურ შეზღუდვას, რამაც გამოიწვია ძირითადი ჰაბ-აეროპორტების ოპერაციების შეფერხება, თვითმფრინავების დროებითი გაჩერება და ასიათასობით მგზავრის გადაადგილების შეფერხება. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციები ნაწილობრივ აღდგა, რეგიონში საჰაერო მიმოსვლა კვლავ რჩება მნიშვნელოვნად შეზღუდულად, რაც გავლენას ახდენს როგორც მგზავრთა ნაკადებზე, ისე გლობალურ ლოგისტიკურ ჯაჭვებზე.
მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ასევე საავიაციო საწვავის მიწოდების საკითხი. ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის დე ფაქტო ბლოკირების ფონზე, სპარსეთის ყურის რეგიონში მდებარე ნავთობ გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურიდან მიწოდების შეფერხებამ სერიოზული რისკები წარმოშვა გლობალური ავიაციისთვის. აღნიშნული რეგიონი ტრადიციულად უზრუნველყოფს ევროპაში ავია საწვავის იმპორტის დაახლოებით ნახევარს, რის გამოც მიწოდების შეზღუდვამ მნიშვნელოვნად გააუარესა მოლოდინები.
კონფლიქტის ესკალაციის პარალელურად, დეფიციტის შიშმა საწვავის ფასების მკვეთრი ზრდაც გამოიწვია, რაც რიგ შემთხვევებში გაორმაგებულ მაჩვენებლებსაც აღწევს. შედეგად, ავიაკომპანიების ნაწილმა უკვე დაიწყო ოპერაციული კორექტირება, მათ შორის ფრენების სიხშირის შემცირება და ხარჯების ოპტიმიზაცია, რათა შეამციროს ფინანსური ზეწოლა.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტორები, სავარაუდოდ, მოკლევადიან პერსპექტივაში განსაზღვრავს ინდუსტრიის დღის წესრიგს და ხელს შეუწყობს ტარიფების ზრდას, არსებით მნიშვნელობას იძენს გრძელვადიანი ეფექტების შესაფასებლადაც. კერძოდ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება გლობალური ავიაციის მდგრადობა ენერგომომარაგების თვალსაზრისით, ასევე სექტორის ადაპტაციის უნარი გეოპოლიტიკური არასტაბილურობის პირობებში.
კერძოდ, სექტორის ექსპერტებსა და ინსაიდერებს შორის აქტიურად განიხილება, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს მიმდინარე პროცესებმა ავიაციის ე.წ. სპარსეთის ყურის საავიაციო მოდელზე, რომელიც ფართოდ განიხილება გლობალური შორ მანძილზე მოგზაურობის ტრანსფორმაციის წერტილი, მათ შორის განიხილება მისი მასშტაბურობის ზრდა და ხარჯების შემცირება. აღნიშნული მოდელი ეფუძნება გეოგრაფიული მდებარეობის ეფექტიან გამოყენებას, ტრანზიტული ჰაბების განვითარებას და მაღალი გამტარუნარიანობის მქონე საერთაშორისო კავშირების შექმნას.
მიმდინარე გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, აღნიშნული სისტემის მდგრადობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მოსალოდნელია, რომ შესაძლო ცვლილებები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს როგორც რეგიონში მოქმედ ავიაკომპანიებზე, ისე მგზავრებსა და ბიზნეს სექტორზე, რომლებიც კრიტიკულად არიან დამოკიდებულნი ახლო აღმოსავლეთის ინტენსიურ და მრავალმიმართულებიან საავიაციო კავშირებზე.
სპარსეთის ყურის საავიაციო ჰაბები — დუბაის საერთაშორისო აეროპორტი, აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტი და ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი — რომლებიც, როგორც წესი, გამოირჩევიან მაღალი ოპერაციული ეფექტიანობით და ფუნქციონირებენ როგორც გლობალური ავიაციის კარგად კოორდინირებული სისტემები, 2024 წლის თებერვლის ბოლოს განვითარებული გეოპოლიტიკური ესკალაციის შედეგად მნიშვნელოვნად შეფერხდნენ. კერძოდ, ირანზე აშშ-ისა და ისრაელი-ს მიერ განხორციელებული თავდაპირველი სამხედრო დარტყმების შემდეგ, რეგიონში საჰაერო სივრცის მასშტაბურმა დახურვამ პრაქტიკულად შეაჩერა ავიამიმოსვლა.
აღნიშნული შეზღუდვების შედეგად, მრავალი ფრენა გაუქმდა, ხოლო უკვე შესრულების პროცესში მყოფი რეისების ნაწილი უკან დაბრუნდა ან გადამისამართდა. ეს ვითარება განსაკუთრებით მწვავედ აისახა ტრანზიტულ მგზავრებზე: დუბაიში, აბუ დაბისა და დოჰაში ათიათასობით მგზავრი შეფერხდა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი რეგიონში მხოლოდ ტრანზიტის მიზნით იმყოფებოდა.
პარალელურად, უსაფრთხოების გარემო დამატებით გაუარესდა არაბთა გაერთიანებული საემიროებისა და კატარზე შესაძლო საპასუხო მოქმედებების, მათ შორის დრონებისა და სარაკეტო თავდასხმების მუქარის ფონზე ირანის მხრიდან. აღნიშნულმა ვითარებამ შექმნა რისკისა და გაურკვევლობის გარემო როგორც აეროპორტებში, ისე მათთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაში, მათ შორის სასტუმროებში განთავსებული მგზავრებისთვის.
გლობალურ დონეზე, კრიზისის ეფექტი კიდევ უფრო ფართო აღმოჩნდა: მგზავრებმა რომელთა მარშრუტებიც სპარსეთის ყურის ჰაბების გავლით უნდა განხორციელებულიყო, ვერ შეძლო დაგეგმილი რეისებით გადაადგილება. შედეგად, გაიზარდა ალტერნატიული მარშრუტების მოძიების საჭიროება, რამაც დამატებითი ზეწოლა მოახდინა საერთაშორისო ავია კავშირებსა და სატრანსპორტო ქსელებზე.
Emirates და Etihad Airways აიღეს ინიციატივა შეზღუდული რეისების განხორციელების მიმართულებით, რათა რეგიონში მყოფი მგზავრები რამდენიმე დღის განმავლობაში უსაფრთხოდ გადეყვანათ თავიანთ სამშობლოში. მალევე მათ მიბაძა Qatar Airways-მა. რეგიონიდან მის ფარგლებს გარეთ სხვა საერთაშორისო გადამზიდავებმაც უზრუნველყეს დამატებითი რეისები. აღნიშნულ პროცესში, გარკვეულმა სახელმწიფოებმა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა დანიშნა ჩარტერული ფრენები საკუთარი მოქალაქეებისთვის. ”Cirium”-ის ანალიტიკოსების მონაცემებით, კონფლიქტის დაწყებიდან ახლო აღმოსავლეთში უკვე 30 000-ზე მეტი რეისი გაუქმდა, რაც ხაზგასმით აჩვენებს რეგიონის გეოპოლიტიკური არასტაბილურობის გავლენას გლობალურ საავიაციო ქსელზე.
აღნიშნული მოვლენები განსაკუთრებულად შესამჩნევი გახდა, საჯაროობის მაღალი ხარისხის ფონზე. მრავალი მგზავრი სოციალურ მედიაში აზიარებდა საკუთარ გამოცდილებას რაც შესაძლებლობას აძლევდა საზოგადოებას უშუალოდ აქტორებისგან გაეგო რეალურად ადგილზე არსებული ვითარების შესახებ.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა უკავშირდება იან სკოტის ისტორიას, რომელიც მელბურნიდან ვენეციაში კატარის გავლით მიემგზავრებოდა. მისი რეისი ჰაერში უკან მოაბრუნეს შემდეგ კი იძულებით შეაჩერეს რამდენიმე დღის განმავლობაში სასტუმროში, სანამ საბოლოოდ არ მიიღო გადაწყვეტილება უდაბნოში, ომანის გავლით, ავტომობილით გადაადგილებულიყო. აღნიშნული ალტერნატიული მარშრუტის დასრულების შემდეგ მან საბოლოოდ შეძლო ფრენის დაჯავშნა და დანიშნულების ადგილზე მისვლა.
იან სკოტი აღნიშნავს, რომ გამოცდილებამ მას გადააფიქრებინა მომავალში სპარსეთის ყურის ჰაბების გამოყენება, მაშინაც კი, როდესაც რეგიონში საომარი მოქმედებები შეწყდება. მისი პოზიცია ასახავს მგზავრების მხრიდან მტკიცებულებას, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობის გავლენა შესაძლებელია აისახოს არა მხოლოდ ლოგისტიკურ არამედ ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც, რაც, რა თქმა უნდა, უკავშირდება რეგიონში არსებულ ინსტიტუციონალურ და უსაფრთხოების სირთულეებს.
იანი სკოტისა და მისნაირი მგზავრების გამოცდილება განსაკუთრებით საყურადღებოა სპარსეთის ყურის ჰაბების ოპერატორებისთვის, რადგან იგი პირდაპირ ასახავს მგზავრების განწყობის ცვლილებას და მათი მგზავრობის პრიორიტეტების რეკონფიგურაციას. მიუხედავად იმისა, რომ დუბაი, როგორც ტერიტორია, ფართოდ განვითარდა ტურისტულ და ბიზნეს დანიშნულებად, მგზავრების უმეტესობა, რომლებიც სპარსეთის ყურის ჰაბების გავლით გადაადგილდებიან არ აპირებენ ქალაქში გაჩერებას – მათი მიზანია მხოლოდ თვითმფრინავის შეცვლა და დამაკავშირებელ რეისზე გადასვლა.
საავიაციო მონაცემთა ანალიტიკური ფირმის, ”OAG”-ის მონაცემებით, გასულ წელს დუბაის გავლით მგზავრების 47% იმყოფებოდა ჰაბში მხოლოდ დამაკავშირებელი რეისებისთვის, აბუ დაბიში ეს მაჩვენებელი 54%-ს, ხოლო დოჰაში 74%-ს შეადგენდა. აღნიშნული მონაცემები ხაზს უსვამს სპარსეთის ყურის საავიაციო მოდელის არსს: ჰაბები უზრუნველყოფენ ეფექტურ ტრანზიტს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, სადაც მგზავრებს შეუძლიათ მოკლე გაჩერებით მიაღწიონ შორ მანძილზე მდებარე დანიშნულებებს, მინიმალური ლოგისტიკური ცვლილებებით. ამგვარად, მგზავრებისთვის ასეთი მოდელი საშუალებას იძლევა, მაგალითად, ბოსტონიდან ბალიში ერთი გაჩერებით იმოგზაურონ, რაც წარმოადგენს მოდელის გლობალური ეფექტიანობის ძირითად მაჩვენებელს.
ეს მიდგომა მკვეთრად განსხვავდება ტრადიციული “hub-and-spoke” მოდელისგან, რომელიც ეფუძნება მგზავრების რეგიონალური, მოკლევადიანი ქსელებიდან ჰაბ-აეროპორტებში კონცენტრირებას. ტრადიციული მოდელის მთავარი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ მგზავრები აქ შეჩერდნენ დიდ, დატვირთულ საერთაშორისო მარშრუტებზე გადასასვლელად, ჩვეულებრივ შორ მანძილზე ფრენებისთვის. ის ასევე განსხვავდება „წერტილიდან წერტილამდე“ ფრენის სისტემისგან, სადაც მგზავრები გადაადგილდებიან კონკრეტულ ორ ქალაქს შორის პირდაპირი, შორ მანძილზე მარშრუტებით, ძირითადად მცირე ზომის თვითმფრინავების გამოყენებით.
სპარსეთის ყურის ავიაკომპანიების უნიკალური მიდგომა აერთიანებს წერტილიდან წერტილამდე ფრენების მოხერხებულობას და „hub-and-spoke“ სისტემასთან დაკავშირებულ მასშტაბის ეკონომიას. ეს სტრატეგია განსაკუთრებულად ეფექტიანია რეგიონში და ძლიერ დამოკიდებულია გეოგრაფიულ მდებარეობაზე, რაც საშუალებას აძლევს ჰაბებს ოპტიმალურად მოერგონ გლობალურ სატრანზიტო ნაკადებს და უზრუნველყონ მოკლე და შორ მანძილზე ფრენების კომბინაცია ერთდროულად.
„სპარსეთის ყურიდან დაახლოებით სამი საათის მანძილზე მდებარეობს ახლო აღმოსავლეთი, ინდოეთის სუბკონტინენტი და ჩინეთის საზღვარი — ეს უზარმაზარი ბაზარია,“ — განმარტავს ჯეიმს ჰოგანი, ადამიანი, რომელიც 2006-2017 წლებში იყო ”Etihad Airways”-ის აღმასრულებელი დირექტორი. მისი მმართველობის პერიოდი ემთხვევა კომპანიის სწრაფი გაფართოების პერიოდს, რომელმაც ოპერირება 2003 წელს დაიწყო.
ჰოგანის თქმით, სპარსეთის ყურის ავიაკომპანიებმა შეძლეს ძლიერი საერთაშორისო ქსელის შექმნა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ძირითადი დედაქალაქებისა და ცენტრალური ქალაქების დაკავშირებას, არამედ მეორეხარისხოვან და მესამე დონეების ქალაქებსაც, რაც მგზავრებს ერთი გაჩერებით შორ მანძილზე მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევს.
საკონსულტაციო ფირმის ”Aviation Advocacy”-ის მმართველი დირექტორი ენდრიუ ჩარლტონი, ,ეთანხმება მას: „ეს ზუსტად ის ტერიტორიაა სადაც, თანამედროვე საავიაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, თითქმის დედამიწის ნებისმიერი წერტილი ხელმისაწვდომი ხდება.“
საუკუნის დასაწყისში აღნიშნული გეოგრაფიული პოზიცია საშუალებას აძლევდა სპარსეთის ყურის ავიაკომპანიებს სწრაფად ესარგებლათ ჩინეთის, ინდოეთისა და სხვა სწრაფად მზარდი ბაზრებით, რასაც ევროპული და ამერიკული ავიაკომპანიები თავდაპირველად ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ. ჰოგანი აღნიშნავს: „ახლო აღმოსავლეთი მოულოდნელად აღმოჩნდა იდეალურ ადგილზე განვითარებადი ბაზრისათვის, რომელიც ატლანტის ოკეანის აღმოსავლეთით მდებარეობს.“
ინდუსტრიაში შედარებით ახალ აქტორებს – სპარსეთის ყურის ავიაკომპანიებს, შესაძლებლობა ჰქონდათ ესარგებლათ თანამედროვე ფლოტებით მათში ინვესტიციის ჩადებით, რომელიც სრულყოფილად შეესაბამებოდა მათ მიერ შექმნილ ბიზნეს-მოდელს. თავდაპირველად, ორძრავიანი Boeing 777-ს მიენიჭა უპირატესობა მისი 300 ადგილიანი ტევადობისა და 7 000 საზღვაო მილზე მეტი დიაპაზონის ტერიტორიის დაფარვის შესაძლებლობის გამო. მოგვიანებით, Airbus A380 გახდა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი 500-ზე მეტი მგზავრის გადაყვანისთვის გადატვირთულ აეროპორტებში, სადაც აფრენისა და დაშვების დრო იყო შეზღუდული.
„მთავარი განმასხვავებელი ნიშანი იყო სუფთა ფურცლიდან დაწყება — ეს იყო საიდუმლო რეცეპტი,“ — განმარტავს ჯეიმს ჰოგანი. „შეგეძლოთ შეგექმნათ მომსახურების ისეთი წინადადება, რომელსაც ვერ შეედრებოდნენ უფრო ტრადიციულ ბაზრებზე მოქმედი ავიაკომპანიები, იქნებოდა ეს ეს აშშ, ევროპა თუ ავსტრალია.“
შედეგად, სპარსეთის ყურის ავიაკომპანიები და მათი ჰაბები ათასწლეულის დასაწყისიდან სწრაფად იზრდებიან და მალევე ქმნიან ძირითადი კვანძს შორ მანძილზე ავიაციისთვის.
„ეს არის მნიშვნელოვანი წერტილი ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან ჩამოსული მგზავრებისთვის, რომლებიც ავსტრალიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში ან ინდოეთის სუბკონტინენტზე სხვა რეისით უნდა გაემგზავრონ,“ — აღნიშნავს ჯონ გრანტი, ”OAG”-ის უფროსი ანალიტიკოსი.
მისი თქმით, ჰაბების ოპერაციული სისწრაფე თვალსაჩინოა: „ეს არის უაღრესად ეფექტური, ძალიან ეფექტური ოპერაცია, რომლის დროსაც 90–100 რეისი ერთსაათიან პერიოდში ჩამოდის და ერთი ან ორი საათის შემდეგ სხვა მიმართულებით მიემგზავრება.“
ამ პროცესმა ასევე მნიშვნელოვნად გავლენა მოახდინა შორ მანძილზე მოძრავი ავიაციის ფასებზე. ენდრიუ ჩარლტონი განმარტავს: „კონკურენციამ ფასები დაწია, და სპარსეთის ყურის ავიაკომპანიები კონკურენტუნარიანი აქტორები გახდნენ. მათ გაზარდეს შორ მანძილზე ავიაბილეთების ბაზრის ტევადობა, შექმნეს ახალი შორ მანძილზე რეისების შესაძლებლობები და შედეგად შეამცირეს ბილეთების ფასები.“
თუმცა, ტეხასის ბეიკერის ინსტიტუტის ახლო აღმოსავლეთის ექსპერტის, კრისტიან კოუტს ულრიხსენის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა სპარსეთის ყურის ავიაციის წარმატებულ მოდელს სერიოზული გამოწვევები შეუქმნა. მისი თქმით, გაჭიანურებულმა დაძაბულობამ შესაძლოა მგზავრებში შიში გამოიწვიოს ყურის გავლით მოგზაურობისას და გრძელვადიან პერსპექტივაში აისახოს რეგიონის ჰაბების ფუნქციონირებაზე.
„რა თქმა უნდა, ბიზნეს-მოდელი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება,“ — აღნიშნავს ულრიხსენი. „თუ მგზავრები თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ მოგზაურობისას, რადგან სარისკოა აეროპორტში დარჩენა ან ფრენის გაუქმება დრონისა ან სხვა საფრთხის გამო, ეს მნიშვნელოვნად აზიანებს რეგიონულ ავიაკომპანიებს.“
ენდრიუ ჩარლტონის თქმით, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება კონფლიქტის ხანგრძლივობაზე. თუ დაძაბულობა სწრაფად დასრულდება, ყურის გადამზიდავები შეძლებენ დაკარგული პოზიციების სწრაფად აღდგენას, რადგან „ისინი ბაზარს იაფი ავიაბილეთებით დატვირთავენ .“
თუმცა, რაც უფრო გაჭიანურდება კონფლიქტი, მით უფრო მეტი მგზავრი დაიწყებს ალტერნატიული მარშრუტების ძებნას. კონკურენტი გადამზიდავები ამ სიტუაციაში სთავაზობენ ჰაბების ალტერნატივებს, როგორიცაა სინგაპური, ბანგკოკი, ჰონგ-კონგი ან ტოკიო, რამაც შესაძლოა გრძელვადიან პერიოდში შეამციროს ყურის ჰაბების გავლენა საერთაშორისო საავიაციო ბაზრებზე.
ექსპერტის შეფასებით, სპარსეთის ყურის ავიახაზების მიერ მგზავრთნაკადისა და ტევადობის გრძელვადიანი დაკარგვა გარდაუვლად აისახება ავიაბილეთების ფასებზე, რაც ამ რეგიონიდან გამომავალი რეისების ღირებულების ზრდას გამოიწვევს.
„სპარსეთის ყურის ავიაკომპანიებმა ტარიფების შემცირება გამოიწვიეს? დიახ, გამოიწვიეს. თუ ამ განტოლებიდან ამოიღებთ ამ გადამზიდავებს, ავიაბილეთების ფასები მნიშვნელოვნად გაიზრდება,“ — აღნიშნავს კრისტიან კოუტს ულრიხსენი.
ევროპულმა ავიაკომპანიებმა უკვე უპასუხეს ახლო აღმოსავლეთში არსებულ კრიზისს საკუთარი ფრენის განრიგების კორექტირებით და ისეთი რეისების დამატებით, რომლებიც ავიამიმოსვლას სპარსეთის ყურის ჰაბების გარეშე უზრუნველყოფს. მაგალითად, ”British Airways”-მა ყოველკვირეულად დანერგა დამატებითი რეისები ბანგკოკსა და სინგაპურში, ხოლო ”Lufthansa“-ამ და ”Air France”-მა განაახლეს ფრენები აზიაში.
თუმცა, საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) გენერალური დირექტორის, ვილი უოლშის შეფასებით, ევროპულ ავიაკომპანიებს არ გააჩნიათ საკმარისი რესურსი, რათა სრულად ჩაანაცვლონ სპარსეთის ყურის გადამზიდავები, რომლებიც ჩვეულებრივ გლობალური ტევადობის დაახლოებით 9.5%-ს უზრუნველყოფენ. მარტის შუა რიცხვებში პარიზში გამართულ ღონისძიებაზე მან აღნიშნა: „სპარსეთის ყურის ავიაკომპანიების მიერ უზრუნველყოფილი ტევადობა ვერ ჩანაცვლდება ევროპული ავიაკომპანიებით,“ და დასძინა, რომ ჰაბები სავარაუდოდ სწრაფად აღდგებიან კონფლიქტის შემსუბუქების შემდეგ.
სპარსეთის ყურის მოდელის მომავალი უკვე წარსულში იდგა კითხვის ნიშნის ქვეშ, განსაკუთრებით Covid-19 პანდემიის პერიოდში, როდესაც ექსპერტები მიუთითებდნენ, რომ შორ მანძილზე მარშრუტებზე და სატრანზიტო მოძრაობაზე დამოკიდებული გადამზიდავები, დიდი თვითმფრინავების ფლოტით, შესაძლოა ნაკლებად მოქნილები ყოფილიყვნენ ცვალებად გარემოებებთან ადაპტირებისთვის. მიუხედავად ამისა, აღდგენა სწრაფად მოხდა და ”Emirates”-მა, ”Etihad Airway”-მაs და ”Qatar Airways”-მა ბოლო წლებში მოგება აჩვენეს.
ჯონ გრანტი აღნიშნავს: „ავიაციის ინდუსტრიამ უკვე გაიარა SARS, Covid-19 და გეოპოლიტიკური მოვლენები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მან იხილა საფონდო ბირჟის კრახი და შემდეგ კვლავ აღდგა.“
„მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმის მიმართ, რასაც სპარსეთის ყურე გვთავაზობს,“ — აღნიშნავს კრისტიან კოუტს ულრიხსენი.
ეჭვგარეშეა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მძიმე დარტყმა აღმოჩნდა ყურის მსხვილი ავიაკომპანიებისთვის და ჰაბებისთვის, რომლებზეც ისინი არიან დამოკიდებული. რეპუტაციის აღდგენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საომარი მოქმედებები შემსუბუქდება. თუ სპარსეთის ყურე შეძლებს მსოფლიოსთან დამაკავშირებელი კვანძის როლის აღდგენას, ინდუსტრია შეძლებს წინასწარ განსაზღვრული ოპერაციების გაგრძელებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელ მსოფლიოში შორ მანძილზე მოქმედი ავიაციისთვის შედეგები შესაძლოა სერიოზულად დამაზიანებელი იყოს.
სტატიის ორიგინალ ვერსიასა და სრულ ანალიტიკურ მასალას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.