ევროკავშირის ელჩს საქართველოს საგარეო უწყებაში ელოდებიან. პაველ ჰერჩინსკის განცხადებას საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. მაკა ბოჭორიშვილი ადასტურებს, რომ ევროპელ დიპლომატთან კომუნიკაცია აუცილებლად შედგება, მას შემდეგ, რაც ჰერჩინკსი საქართველოში დაბრუნდება. “ დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების დიპლომატიური გზები და, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ მას. არ გვიჭირს პაველ ჰერჩინსკისთან კომუნიკაცია და გვექნება შესაძლებლობა, თბილისში შევხვდეთ, როდესაც დაბრუნდება ბრიუსელიდან, “ – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საბერძნეთში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას. მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ შემაშფოთებელია ევროკავშირის ბიუროკრატიის დღევანდელი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით იმ ფონზე, „როდესაც უგულებელყოფილია ქართველი ხალხის ინტერესები და არჩევანი“. მინისტრის თქმით, აღნიშნულ საკითხებზე დეტალური განხილვა გაიმართება საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, აღნიშნა, რომ საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება. „საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის „ნუ დაკარგავთ იმედს“. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ. როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ, რომლის ციტატასაც „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.