უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგა, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური ღამის თავდასხმა მკაცრად დაგმო და განაცხადა, რომ ეს კრემლის მიერ ტერორის გაგრძელების კიდევ ერთი მაგალითია.

სიბიგას თქმით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, დაიღუპა, ხოლო ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

„რუსეთის მიერ უკრაინაზე ღამით განხორციელებული საშინელი თავდასხმის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ პუტინი ომის დამნაშავე და ხელმოცარულია, რომელსაც ტერორის გარდა სხვა „კოზირი“ არ გააჩნია“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

მინისტრმა უკრაინის პარტნიორებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა, რათა, მისი შეფასებით, რუსეთის შესაძლებლობა, გააგრძელოს თავდასხმები, მნიშვნელოვნად შეიზღუდოს.

მისი განცხადებით, აუცილებელია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, მათ შორის დამატებითი Patriot სისტემებისა და რაკეტების შეძენა, ანტიბალისტიკური კოალიციის განვითარება და უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობების დაფინანსების გაზრდა.

სიბიგამ ასევე მოუწოდა პარტნიორებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ, მათ შორის მებრძოლებისთვის მოგზაურობის შეზღუდვის, გაყინული აქტივების გამოყენებისა და საერთაშორისო იზოლაციის გაძლიერების მიმართულებით.

მისი თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება და მოლაპარაკებების ახალი ეტაპების გახსნა.

„მოსკოვში ტერორისტებმა უნდა გააცნობიერონ, რომ სასტიკი თავდასხმები ვერაფერს მოუტანს მათ, რომ მათი რეჟიმის ქმედებებისთვის კიდევ უფრო დიდი ფასის გადახდა მოუწევთ. პუტინისთვის ერთადერთი გამოსავალი ამ ომის დაუყოვნებლივ დასრულებაა“, – განაცხადა სიბიგამ.

მისივე შეფასებით, სამშვიდობო ძალისხმევა მხოლოდ მაშინ იქნება შედეგიანი, თუ მას რუსეთის მიმართ რეალური პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ზეწოლა დაემატება.