გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ მომზადებული სანქციების 21-ე პაკეტი საქართველოდან კრიპტოპლატფორმებსაც მოიცავს.

ევროპელი ოფიციალური პირების განცხადებით, ახალი პაკეტი მიმართულია ბანკების, ნავთობმოვაჭრეების და კრიპტო სექტორის წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც, ბრალდების მიხედვით, რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლაში მონაწილეობდნენ.

მათივე ინფორმაციით, სანქციების სიაში შედის 31 რუსული ბანკი, მესამე ქვეყნების 20 ნავთობმოვაჭრე კომპანია და 11 კრიპტოპლატფორმა სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.

ოფიციალური პირების თქმით, აღნიშნული კომპანიები ეხმარებოდნენ სანქცირებულ სუბიექტებს მომსახურების მიღებაში ან ევროკავშირის შეზღუდვების გვერდის ავლაში.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მანამდე წარადგინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, 21-ე პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდვების გამკაცრებას ფინანსურ და ენერგეტიკულ სექტორებში.