აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმება, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით გაფორმდა, შესაძლოა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კარიერის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე გამოწვევად იქცეს. შეთანხმებამ ერთდროულად დააზიანა ის სამი ძირითადი საყრდენი, რომლებზეც ნეთანიაჰუს მრავალწლიანი პოლიტიკური იმიჯი იდგა.

წლების განმავლობაში ნეთანიაჰუ საკუთარ თავს წარმოაჩენდა როგორც ლიდერს, რომელსაც ვაშინგტონზე განსაკუთრებული გავლენა ჰქონდა და ამერიკის პრეზიდენტებთან უნიკალური ურთიერთობები აკავშირებდა. თუმცა დღეს ის აღმოჩნდა ვითარებაში, როდესაც მისი მთავარი მოკავშირე – შეერთებული შტატები  მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პრაქტიკულად მისი მონაწილეობის გარეშე იღებს.

ამასთან, ირანის შეკავება ათწლეულების განმავლობაში ისრაელის უსაფრთხოების სტრატეგიის ცენტრალურ ელემენტს წარმოადგენდა. ახლა კი ჩნდება კითხვა – ხომ არ დასრულდა კონფლიქტი იმ პირობებში, როდესაც თეირანის პოზიციები რეალურად კიდევ უფრო გაძლიერდა?

არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია, შეინარჩუნებს თუ არა ნეთანიაჰუ თავის მრავალწლოვან იმიჯს  „მისტერ უსაფრთხოებას“, იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონი და თეირანი ფაქტობრივად ისრაელისგან „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ოპერაციების შეწყვეტას ითხოვენ, თანაც საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე.

ისრაელის ოპოზიციის ლიდერმა იაირ ლაპიდმა პრემიერის მდგომარეობა მოკლედ ასე შეაფასა:

„ან პირდაპირი და დამანგრეველი დაპირისპირება მთავარ მოკავშირესთან, ან ისრაელის ინტერესების დათმობა.“

დონალდ ტრამპის მკაცრმა განცხადებებმა კიდევ უფრო გაართულა ნეთანიაჰუს მდგომარეობა. აშშ-ის პრეზიდენტმა ღიად გააკრიტიკა ისრაელის პრემიერ-მინისტრი და განაცხადა, რომ მან ბეირუთზე დარტყმის სანქცირებით „საღი აზრის სრული უგულებელყოფა“ გამოავლინა.

ეს განცხადებები მყისიერად აიტაცეს როგორც ოპოზიციამ, ისე ისრაელის მედიამ, რომელიც უკვე ოქტომბრამდე დაგეგმილი არჩევნებისთვის ემზადება.

თუმცა ზეწოლა მხოლოდ ოპოზიციიდან არ მოდის. უკმაყოფილება იზრდება თავად მმართველ ბანაკშიც. განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს ირანის მოთხოვნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ყველა ფრონტზე გავრცელდეს, მათ შორის ლიბანშიც.

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ-გვირმა სოციალურ ქსელში დაწერა:

„ტრამპის შეთანხმება ჩვენთვის სავალდებულო არ არის. ჩვენ ამ შეთანხმების მხარე არ ვართ და ის ჩვენს უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფს.“

2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების უფრო აგრესიულ სტრატეგიაზე გააკეთა ფსონი. მისი მიდგომა აღარ ეფუძნებოდა მხოლოდ შეკავებას – მიზანი გახდა საფრთხეების წინასწარი განეიტრალება.

ამ სტრატეგიის ფარგლებში ისრაელის სამხედრო ძალებმა მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავეს ღაზაში, ლიბანსა და სირიაში. ისრაელის საზოგადოების ნაწილისთვის ეს ნაბიჯები პოპულარულია, თუმცა სამხედრო და ეკონომიკური რესურსების მზარდი დატვირთვა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება.

მიუხედავად ინტენსიური სამხედრო ოპერაციებისა, ისრაელის მთავარი მოწინააღმდეგეები სრულად არ განეიტრალებულან. „ჰამასი“ კვლავ ინარჩუნებს გავლენას ღაზის სექტორის ნაწილზე, ხოლო ირანში ძალაუფლება, ანალიტიკოსების შეფასებით, კიდევ უფრო მკაცრი ძალების ხელში გადავიდა.

ამასთან, თეირანი დამატებით ბერკეტებს ფლობს, მათ შორის ჰორმუზის სრუტეზე გავლენის სახით, რაც მას საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზრებზე მნიშვნელოვან მოთამაშედ აქცევს.

დღევანდელი ვითარება ნეთანიაჰუსთვის განსაკუთრებით რთულ პარადოქსს ქმნის: ისრაელის მთავარი მოწინააღმდეგე  ირანი  შესაძლოა გავლენას ახდენდეს სწორედ იმ ქვეყანაზე, რომელიც ისრაელის უმთავრეს მოკავშირედ ითვლება.

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტის (INSS) მკვლევარი დენი ციტრინოვიჩი მიიჩნევს, რომ ისრაელს თეირანის მიმართ საკუთარი სტრატეგიის გადახედვა მოუწევს.

მისი შეფასებით, ნებისმიერი სამხედრო ნაბიჯი, რომელსაც ვაშინგტონი შეთანხმების ჩაშლის მცდელობად აღიქვამს, შესაძლოა აშშ-ის მხრიდან მკაცრ რეაქციას წააწყდეს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ წარსულისგან განსხვავებით, ნეთანიაჰუს დღეს გაცილებით ნაკლები შესაძლებლობა აქვს, ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში საკუთარი გავლენა გამოიყენოს და თეთრი სახლის პოზიცია შეცვალოს.

წლების განმავლობაში ბენიამინ ნეთანიაჰუ ამტკიცებდა, რომ სწორედ მისი გამოცდილება და პოლიტიკური უნარები იყო ისრაელის უსაფრთხოების მთავარი გარანტია. თუმცა მიმდინარე მოვლენები ამ ნარატივს სულ უფრო სერიოზული გამოცდის წინაშე აყენებს.

ირანში რეჟიმის ცვლილება შესაძლოა მისი პოლიტიკური გამარჯვების მთავარ არგუმენტად ქცეულიყო, მაგრამ რეალობა სხვაგვარად განვითარდა. დღეს ისრაელის პრემიერი რთული არჩევანის წინაშეა – დაპირისპირება თუ დათმობა, ოღონდ უკვე არა მტერთან, არამედ ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირესთან.

უახლოესი თვეები აჩვენებს, შეძლებს თუ არა ნეთანიაჰუ პოლიტიკური გადარჩენის უზრუნველყოფას, თუ ახლო აღმოსავლეთის ახალი რეალობა მის მრავალწლოვან პოლიტიკურ დომინირებას დაასრულებს.