უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინულ მხარეს რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულების მიზნით მიმდინარე სამშვიდობო პროცესისთვის, მათ შორის, კრეატიული იდეები აქვს.
სიბიგამ ამის შესახებ კიევში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სამშვიდობო ძალისხმევა მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეს, რადგან პროცესი ამჟამად პაუზის ფაზაშია. სიბიგა მიიჩნევს, რომ აუცილებელია აშშ-ის უფრო აქტიური ჩართულობა და ამერიკული ლიდერობა.
„ამერიკელების, შეერთებული შტატების გარეშე, ამ სიტუაციაში პროგრესისა და სამართლიანი მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია“, – განაცხადა სიბიგამ.
მისივე თქმით, საკითხი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ვაშინგტონში ბოლო შეხვედრისას განიხილა.
სიბიგას განცხადებით, უკრაინული მხარე ასევე ელოდება ამერიკელი მომლაპარაკებლების ჯგუფის უკრაინაში ჩამოსვლას.
„უკრაინას აქვს იდეები, მათ შორის კრეატიული, ამ პროცესის მაქსიმიზაციისთვის. ჩვენ ამერიკელი მომლაპარაკებლების ჯგუფის ჩამოსვლას ველოდებით“, – აღნიშნა მინისტრმა.
სიბიგას თქმით, სამშვიდობო პროცესში პაუზა არ უნდა იყოს და ახალი აქტიური პოლიტიკური და დიპლომატიური სეზონი, პირველ რიგში, ომის დასრულებისკენ უნდა იყოს მიმართული.
„ამისთვის ერთი, პრაქტიკულად ერთადერთი დაბრკოლება არსებობს: პუტინი“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.