სამართალდამცველებმა 33 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 6 მილიონ ლარს შეადგენს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსთავში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

„ბრალდებულების ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით 33 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, ე.წ. ჰაშიში, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 6 მილიონ ლარს შეადგენს“, – განაცხადა კიკნაძემ.

მისივე ცნობით, ნარკოტიკის ნაწილი დაკავებულებს იმავე ბინაში ავტომობილის საბურავებში ჰქონდათ დამალული.

სამართალდამცველებმა რუსთავში ბრალდებულების კიდევ ერთი საცხოვრებელი ბინიდან და სასტუმროს ნომრიდან ასევე ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – „კოკაინი“, „ჰეროინი“ და „მეთადონი“.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები შეთანხმებულად მოქმედებდნენ და ნარკოტიკების რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით გეგმავდნენ, თუმცა მათი დანაშაულებრივი განზრახვის განხორციელება სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად აღიკვეთა.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში და რეგიონებში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად კიდევ 24 პირი დააკავეს, მათ შორის 15 ნარკოტიკების რეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით იყო ჩართული.

შსს-ს განცხადებით, აღნიშნული პირები ნარკოდანაშაულებრივ სქემებში სხვადასხვა მეთოდით მონაწილეობდნენ, მათ შორის იყენებდნენ ინტერნეტაპლიკაციებს, ხელიდან ხელში გადაცემისა და ნარკოტიკების კონკრეტულ ადგილებში განთავსების მეთოდებს.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, ნარკოტიკების დასაფასოებლად საჭირო მასალები და ფული ამოიღეს.

უწყების ინფორმაციით, ასევე გამოვლინდა სპეციალურად მოწყობილი სათბურები, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო კულტივირება ხდებოდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 19-260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლები სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანისა და გავრცელების აღკვეთის მიზნით შესაბამის კომპლექსურ ღონისძიებებს აქტიურად აგრძელებს.