ტურისტულ სეზონზე საქართველოს ყველა საზღვარი დატვირთულ რეჟიმში მუშაობს, თუმცა ქვეყანაში განსაკუთრებული არაფერი ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით საუბარი გაზვიადებულია და სტატისტიკა განსაკუთრებულ ვითარებაზე არ მიუთითებს. მახაშვილის განცხადებით, საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობა გამსვლელთა რაოდენობაზე ნაკლებია.
„ეს არის უსაქმური პოლიტიკოსების მცდელობა, რომ ზაფხულში რაღაც თემა შექმნან. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ეს არის ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი. ჩვეულებრივი ტურისტული სეზონია და არა მხოლოდ ერთი საზღვრიდან, არამედ საქართველოს ყველა საზღვრიდან – სახმელეთო იქნება, აეროპორტები თუ სხვა – ჩვეულებრივი საქმიანი ან ტურისტული პროცესია“, – განაცხადა მახაშვილმა.
მისივე თქმით, საზღვარზე შემოსულ თითოეულ პირს შესაბამისი უწყებები პასუხისმგებლობით ამოწმებენ, მიუხედავად იმისა, რა მიზნით შედის ის საქართველოში.
მახაშვილის შეფასებით, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე ყურადღების გამახვილება ქვეყანაში დაძაბულობის შექმნასა და ეთნიკურ ნიადაგზე სიძულვილის გაღვივებას ემსახურება.
„ამ თემაზე აქცენტის გაკეთების მიზანი დაძაბულობის შემოტანა და ეთნიკურ ნიადაგზე სიძულვილის გაღვივებაა, ეს კი საბოლოო ჯამში დაპირისპირებისკენ მიმავალი გზაა“, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, რუსული მედია ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ გასული ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი 113 000-ზე მეტმა ადამიანმა და 33 000-ზე მეტმა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა.
გავრცელებული ინფორმაციით, 15 და 16 აგვისტოს ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი 19 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.
ამასთან, რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა განაცხადა, რომ 18 აგვისტოს ზემო ლარსზე მგზავრთა რეკორდული ნაკადი დაფიქსირდა და საკონტროლო-გამშვები პუნქტი 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გაიარა.