აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ბოლო დღეებში რამდენიმე უცხოელ კოლეგასთან საუბრისას განაცხადა, რომ ვაშინგტონის მხრიდან ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო დარტყმების დაწყება ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის, – ინფორმაციას Axios-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, რუბიომ სატელეფონო საუბრებში ტრამპის ადმინისტრაციის ირანთან დაკავშირებული მიმდინარე პოლიტიკა გააცნო. მისი თქმით, ამ ეტაპზე ყურადღება სამხედრო მოქმედებების ნაცვლად ირანზე ეკონომიკური და სხვა სახის ზეწოლის გაძლიერებაზეა გადატანილი.
მათივე ინფორმაციით, აშშ ირანზე ზეწოლის გაზრდას, მათ შორის, საზღვაო ბლოკადისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ ახალი სანქციების დაწესების გზით გეგმავს. პარალელურად, ვაშინგტონი ცდილობს, ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის ტრანსპორტირება მაქსიმალურად გაზარდოს და გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე ირანის გავლენა შეამციროს.
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ჰორმუზის სრუტის უმეტესი ნაწილის ნაღმებისგან გაწმენდამ და ბოლო კვირებში სრუტის სამხრეთ მონაკვეთში ტანკერების მოძრაობის ზრდამ მნიშვნელოვნად შეამცირა ირანის გავლენა გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე.
„ირანელებმა დაკარგეს კონტროლი სრუტეზე. ახლა მას აშშ აკონტროლებს“, – განაცხადა ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
ამასთან, ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ აშშ-ის საზღვაო ბლოკადა ირანს მნიშვნელოვან შემოსავლებს უზღუდავს. მათი თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ტანკერების გადაადგილება თითქმის არ დაფიქსირებულა ხარგის კუნძულზე, რომელიც ირანის ნავთობის ექსპორტის მთავარი ცენტრია.