ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ეკონომისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ ქვეყანა შესაძლოა კრიპტოვალუტას საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენებდეს.

ნეთანიაჰუმ ამის შესახებ პარასკევს, ისრაელის მე-10 არხთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობა იმ სცენარისთვის ემზადება, რომლის მიხედვითაც ისრაელს შესაძლოა უფრო ფართო საერთაშორისო სანქციები დაუწესონ.

„შესაძლოა სანქციები დაწესდეს, მათ შორის საბანკო სექტორის წინააღმდეგ, ამიტომ საჭიროა ალტერნატიული ეკონომიკური მექანიზმის შექმნა. არსებობს ვალუტები, რომლებსაც სანქციების გვერდის ავლა შეუძლიათ. ამ მიმართულებით ჩვენც ვმუშაობთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა კრიპტოვალუტას, მან უპასუხა, რომ ეს სწორია და ბლოკჩეინტექნოლოგიაც ერთ-ერთი შესაძლო მიმართულებაა.

ისრაელის ცენტრალურმა ბანკმა პრემიერ-მინისტრის განცხადებას იშვიათი საჯარო კრიტიკით უპასუხა. ბანკის შეფასებით, კრიპტოვალუტა სანქციების გვერდის ავლის საშუალებად ვერ გამოდგება. უწყების განცხადებით, ქვეყნის ხელმძღვანელობამ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ პოლიტიკაზე, რომელიც სანქციების დაწესების საჭიროებას თავიდან აიცილებს.

„ისრაელის ეკონომიკისთვის სწორი გზაა ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და სანქციების, ასევე მათი ნეგატიური გავლენის თავიდან აცილებაზე მუშაობა“, – ნათქვამია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

ეკონომისტების გაფრთხილება

კვირას 100-ზე მეტმა ეკონომისტმა, მათ შორის ისრაელის ცენტრალური ბანკის ყოფილმა წარმომადგენლებმა, ყოფილმა ხელმძღვანელმა იაკობ ფრენკელმა და რამდენიმე ნობელის პრემიის ლაურეატმა, ნეთანიაჰუს ინიციატივის წინააღმდეგ მიმართვა გაავრცელა.

მათი შეფასებით, მსგავსი პოლიტიკა უმუშევრობის ზრდას, უცხოური ინვესტიციების შემცირებასა და ისრაელის საერთაშორისო ეკონომიკური პოზიციების შესუსტებას გამოიწვევს.

ეკონომისტებმა მაგალითად სამხრეთ აფრიკა, ირანი და რუსეთი მოიყვანეს – ქვეყნები, რომლებმაც მსგავსი სანქციები გამოსცადეს. მათი თქმით, სანქციების დაწესებამ შესაძლოა ისრაელის მოქალაქეების ცხოვრების დონე მკვეთრად შეამციროს და ქვეყნის თავდაცვის დაფინანსებაც გაართულოს.

მიმართვის ავტორები აცხადებენ, რომ ნეთანიაჰუს მიერ შეთავაზებული გამოსავალი პრობლემას ვერ გადაჭრის და ისრაელის ეკონომიკურ იზოლაციას ვერ შეაჩერებს.

რას ამბობენ პოლიტიკური ოპონენტები

ნეთანიაჰუს მთავარი მეტოქე, გადამდგარ გენერალ-ლეიტენანტი გადი აიზენკოტი, კრიპტოვალუტის გამოყენების გეგმას „სიგიჟედ“ აფასებს. მისი თქმით, ე.წ. „ბიბიკოინის“ პოლიტიკამ შესაძლოა კომპანიები ქვეყნიდან გააძევოს და ეროვნული უსაფრთხოება დააზიანოს.

ოპოზიციის ლიდერმა იაირ ლაპიდმა კი განაცხადა, რომ ნეთანიაჰუს წინასაარჩევნო დაპირებები ქვეყანას ეკონომიკური გაუარესების საფრთხის წინაშე აყენებს. მან გაავლო პარალელი რუსეთსა და ირანთან, სადაც, მისი თქმით, მოქალაქეებს შესაძლოა პურის საყიდლად რიგში დგომა მოუწიოთ.

ნეთანიაჰუ, რომელიც ამ კვირაში ხელახალი არჩევისთვის იბრძვის, კვირას საკუთარ მმართველობას იცავდა. მან ამომრჩევლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მას და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის ხელისუფლების დასამხობად თანამშრომლობისთვის კიდევ ორი წელი აქვთ.

ისრაელის არჩევნების წინ გამოქვეყნებული გამოკითხვები აჩვენებს, რომ შესაძლოა ვერც მმართველმა კოალიციამ და ვერც ოპოზიციურმა ალიანსმა პარლამენტში უმრავლესობა ვერ მოიპოვოს.