სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2023-2024 წლებში სახელმწიფო საწარმოებში საწვავის გამოყენებისა და კონტროლის მიმართულებით მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოავლინა.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რკინიგზაში სამანევრო სამუშაოების შესრულების პერიოდის დაუსაბუთებლად გაზრდის შედეგად 5 998 ლიტრი საწვავი არამიზნობრივად დაიხარჯა. ასევე, თბომავლების მუშაობის აღრიცხვისას, შერჩევით შესწავლილი 20 სამარშრუტო ფურცლიდან ექვს შემთხვევაში ნამუშევარი დრო სიჩქარმზომი ლენტების მონაცემებს ჯამურად 21,55 საათით აღემატებოდა, რაც დამატებით 512 ლიტრი საწვავის ხარჯს შეესაბამებოდა.

ანგარიშის თანახმად, თბომავლების საწვავის ხარჯვის ნორმები 2013 წლის შემდეგ არ განახლებულა, ხოლო საწვავის მიღების, შენახვის, გაცემისა და ინვენტარიზაციის პროცესებში კონტროლის მექანიზმები არასრულყოფილი იყო. 2023 წელს გამოვლენილ საწვავის დანაკლისთან დაკავშირებით კომპანიას დანაკლისის ამოღების მიზნით გაწეული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია.

ხარვეზები გამოვლინდა სხვა სახელმწიფო საწარმოებშიც. ფოსტაში, რკინიგზასა და აეროპორტების გაერთიანებაში დაფიქსირდა ავტომობილების გამოყენების, საწვავის ლიმიტების კონტროლისა და ხარჯების დოკუმენტირების პრობლემები. კერძოდ, აეროპორტების გაერთიანებაში ხუთი თანამშრომლის პირადი ავტომობილებისთვის გაცემული 2 169 ლიტრი საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი არ იყო.

აუდიტის მიხედვით, აეროპორტების გაერთიანებასა და ფოსტაში სპეცტექნიკის ნამუშევარი დრო სათანადოდ არ აღირიცხებოდა, რის გამოც საწვავის ფაქტობრივი მოხმარების დადგენილ ნორმებთან შედარება ვერ ხერხდებოდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, გამოვლენილი ხარვეზები საწვავის არამიზნობრივად, არაეკონომიურად და გაუმჭვირვალედ ხარჯვის რისკებს ზრდის.