საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის საპილოტე პროექტებს ახორციელებს. სებ-ის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, უწყება ასევე მუშაობს ტოკენიზაციისა და სტეიბლკოინების მიმართულებით, მიზანი კი საქართველოს ახალი ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბად ჩამოყალიბებაა.
ეროვნული ბანკის განმარტებით, ციფრული ლარის სრულმასშტაბიანი გამოშვება ამ ეტაპზე არ იგეგმება. საპილოტე პროგრამების მიზანია შესაძლო სარგებლის, ხარჯების, რისკებისა და ტექნოლოგიური გამოწვევების შეფასება.
სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის, დავით უტიაშვილის განცხადებით, ციფრული ლარის სამართლებრივი საფუძველი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით შეიქმნა. კანონმდებლობით, ციფრული ლარის გამოშვების ექსკლუზიური უფლება ეროვნულ ბანკს ექნება, ხოლო მისი უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად გამოყენება აკრძალულია.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პროექტი ამ ეტაპზე კვლევისა და საპილოტე პროგრამების ფარგლებში დარჩება.