ისრაელში სამშაბათს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს საკუთარი პოლიტიკური გადარჩენისთვის ბრძოლა უწევს. ამომრჩევლები მის ლიდერობას 2023 წლის „ჰამასის“ თავდასხმების, ღაზასა და ირანში მიმდინარე ომებისა და ისრაელის მზარდი საერთაშორისო იზოლაციის ფონზე აფასებენ.
მიუხედავად ამისა, ნეთანიაჰუ, რომელიც 19-წლიანი მმართველობით ისრაელის ისტორიაში ყველაზე სტაჟიანი ლიდერია, კვლავ ინარჩუნებს პოლიტიკური გადარჩენის განსაკუთრებულ უნარს. მზარდი ნაციონალისტური განწყობებისა და ქვეყნის ფრაგმენტირებული პოლიტიკური სისტემის პირობებში, შესაძლოა, სწორედ მას ჰქონდეს მთავრობის ფორმირების ყველაზე რეალური შანსი. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები თანაბარ ბრძოლას უწინასწარმეტყველებს ნეთანიაჰუს მემარჯვენე პარტია „ლიკუდსა“ და მის მოკავშირეებს, აგრეთვე გადი აიზენკოტის მეთაურობით მოქმედ ოპოზიციურ ალიანსს შორის. აიზენკოტი – გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი და უსაფრთხოების საკითხებში ხისტი კურსის მომხრე – მხარდაჭერით სარგებლობს როგორც მემარჯვენე, ისე ცენტრისტულ პოლიტიკურ სპექტრში.
საარჩევნო უბნები დილის 7 საათზე (0500 GMT) გაიხსნა და კენჭისყრა საღამოს 10 საათამდე (2000 GMT) გასტანს. ნეთანიაჰუს წინასაარჩევნო კამპანია ეფუძნებოდა მის, როგორც ომის პერიოდის ლიდერის იმიჯსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მჭიდრო ალიანსს. ტრამპმა მას ღია მხარდაჭერა გამოუცხადა და ირანის წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო კამპანიაშიც ჩაერთო. კვირას ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ტრამპი მზადაა კვლავ იმოქმედოს ირანული საფრთხის „საბოლოოდ“ აღმოსაფხვრელად, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში ნეთანიაჰუ დარჩება.
თავის მხრივ, აიზენკოტმა ნეთანიაჰუ „შიშის დათესვაზე, სიცრუესა და მუქარაზე აგებულ კამპანიაში“ დაადანაშაულა და დარწმუნება გამოთქვა, რომ ტრამპი „სრულფასოვნად ითანამშრომლებს ნებისმიერ ლიდერთან, რომელსაც ისრაელის ხალხი აირჩევს“.
მთავრობის შესაქმნელად ნეთანიაჰუს, შესაძლოა, კვლავ დასჭირდეს ულტრამემარჯვენე ლიდერების – იტამარ ბენ-გვირისა და ბეწალელ სმოტრიჩის მხარდაჭერა. ორივე მათგანი დასავლური ქვეყნების სანქციების ქვეშ მოჰყვა პალესტინელთა წინააღმდეგ ძალადობის წაქეზების ბრალდებით, თუმცა ბენ-გვირის პარტიამ „ებრაულმა ძალამ“ (Otzma Yehudit) გამოკითხვებში პოზიციები გაიუმჯობესა.
ამ ეტაპზე არც ნეთანიაჰუს და არც აიზენკოტს არ აქვთ 120-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მოპოვების გარანტირებული გზა. თუ ვერცერთი მხარე ვერ შეძლებს სამთავრობო კოალიციის შეკვრას, ნეთანიაჰუ შეინარჩუნებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის პოსტს მომავალ წელს დაგეგმილ ახალ არჩევნებამდე.
ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება 7.3 მილიონ მოქალაქეს აქვს, საიდანაც 330,000 პირველად აძლევს ხმას.
7 ოქტომბრის პოლიტიკური ფასი
ეს არჩევნები ტარდება 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს დაარსების შემდეგ ყველაზე ტურბულენტურ პერიოდში. არსებულ ვითარებას განსაზღვრავს 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის ტრავმა, ღაზაში ისრაელის საპასუხო სამხედრო ოპერაცია და მემარჯვენე მთავრობის პოლიტიკით გამოწვეული ღრმა შიდაპოლიტიკური განხეთქილება.
ნეთანიაჰუს ოპონენტებისთვის არჩევნების მთავარი საკითხი სწორედ 7 ოქტომბრის უსაფრთხოების ჩავარდნებზე პასუხისმგებლობის დაკისრებაა – დღეზე, რომელიც ისრაელის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა.
განათლების სამინისტროს თანამშრომელმა და აიზენკოტის მხარდამჭერმა, მალი ჰაჯაჯმა აღნიშნა: „ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საგამოძიებო კომისიის შექმნაა, რადგან სწორედ აქედან დაიწყება ჩვენი საზოგადოების გაჯანსაღება“.
ლიზა ტორტორმა გამოთქვა იმედი, რომ ნეთანიაჰუ თანამდებობას დატოვებს: „მათ შეეძლებათ ახალი მთავრობის ფორმირება და იმ ზიანის ანაზღაურება, რაც ბიბიმ მიაყენა ებრაელებს მთელ მსოფლიოში, ისრაელსა და მის საერთაშორისო იმიჯს“ („ბიბი“ ნეთანიაჰუს მეტსახელია).
საპირისპიროდ, „ლიკუდის“ 18 წლის მხარდამჭერმა, ნოფ გაბაიმ, უარყო 7 ოქტომბრის მოვლენებზე ნეთანიაჰუს პასუხისმგებლობა და მას „ისრაელის სახელმწიფოსთვის შესაფერისი ლიდერი“ უწოდა. „ნეთანიაჰუმ ომი საუკეთესო შესაძლო ფორმით მართა“, – განაცხადა მან.
საომარი პერიოდის შედეგები
7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, სადაც „ჰამასის“ მეთაურობით მოქმედმა მეამბოხეებმა 1,200 ადამიანი მოკლეს და 251 მძევლად აიყვანეს, ისრაელმა ღაზას სექტორის უდიდესი ნაწილი გაანადგურა. ღაზას ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ისრაელის იერიშებს 74,000 ადამიანი ემსხვერპლა.
ისრაელმა ასევე მძიმე დარტყმები მიაყენა ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰეზბოლას“ ლიბანში და განახორციელა პირდაპირი იერიშები ირანზე, რაც 2025 წელს ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული 12-დღიანი საჰაერო კამპანიითა და მიმდინარე წელს აშშ-ის და ისრაელის ერთობლივი სამხედრო მოქმედებებით დაგვირგვინდა.
აიზენკოტმა განაცხადა, რომ ისრაელის მომავალმა მთავრობამ ხელი უნდა შეუშალოს ირანს ბირთვული იარაღის მოპოვებაში – სამხედრო ძალის გამოყენებით ან „შეთანხმების“ გზით, აშშ-ის შუამავლობით მიღწეული დიპლომატიური გადაწყვეტის სახით.
კოალიციური არითმეტიკა
ისრაელის თითქმის ყველა ებრაული პარტიის მსგავსად, აიზენკოტიც ეწინააღმდეგება „ორი სახელმწიფოს პრინციპს“, რომელიც ათწლეულების განმავლობაში პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების საფუძველს წარმოადგენდა.
თუმცა, იგი აკრიტიკებს დასავლეთ სანაპიროზე ებრაელი დასახლებულების ძალადობას პალესტინელთა მიმართ, რაც 2023 წლიდან მკვეთრად გაიზარდა და დაძაბა ისრაელის ურთიერთობები დასავლელ მოკავშირეებთან. აიზენკოტი ასევე გამორიცხავს თანამშრომლობას ნეთანიაჰუს ულტრამემარჯვენე პარტნიორებთან – ბენ-გვირსა და სმოტრიჩთან.
„ლიკუდის“ ტრადიციულ საყრდენ რეგიონებშიც კი, იმედგაცრუებული ამომრჩევლები კარდაკარ დადიან, რათა საზოგადოება ნეთანიაჰუს წინააღმდეგ განახწყონ. ნაწილმა ზურგი აქცია პრემიერს იმ კორუფციული ბრალდებების გამოც, რომლებსაც იგი ხანგრძლივი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას უარყოფს.
ისრაელის არაბული უმცირესობის – ისრაელის მოქალაქეების, რომელთაც პალესტინური წარმომავლობა აქვთ – მაღალმა აქტივობამ შესაძლოა კოალიციური წონასწორობა აიზენკოტის სასარგებლოდ გადახაროს.
მიუხედავად იმისა, რომ აიზენკოტმა საერთო ღირებულებების არარსებობის გამო გამორიცხა არაბულ პარტიებთან ოფიციალური კოალიცია, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ სცენარს, სადაც ეს პარტიები მხარს დაუჭერენ მის უმცირესობის მთავრობას, რათა უზრუნველყონ ნეთანიაჰუს ჩამოშორება ხელისუფლებიდან.
„ჩემი მოლოდინით, რომელიმე მხარე მოიპოვებს მხოლოდ უმნიშვნელო უმრავლესობას. დამაჯერებელ გამარჯვებას არ უნდა ველოდოთ“, – განაცხადა შალომ ჰარტმანის ინსტიტუტის ისრაელელმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, ამოს ასა-ელმა.