რამდენად სცდება ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი სამართლებრივ დავას და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას საქართველოს პოლიტიკურ მომავალზე? ნიშნავს თუ არა ხუთი პოლიტიკური ძალის შესაძლო აკრძალვა მხოლოდ პარტიების საქმიანობის შეზღუდვას, თუ ის უფრო ფართო პოლიტიკურ პროცესს უკავშირდება?

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მოქმედებები ოპოზიციის პოლიტიკური სივრციდან ჩამოშორებისკენ არის მიმართული. მისი შეფასებით, ბოლო წლების საკანონმდებლო ცვლილებები და ფინანსური შეზღუდვები იმ პროცესის ნაწილია, რომელმაც შესაძლოა პოლიტიკური კონკურენცია კიდევ უფრო შეასუსტოს.

ინტერვიუში ვსაუბრობთ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის შესაძლო შედეგებზე, ოპოზიციის პოლიტიკურ სტრატეგიაზე, ახალი ლიდერების გამოჩენის პერსპექტივასა და 25 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე. ასევე განვიხილავთ, რატომ მიიჩნევს რესპონდენტი, რომ პოლიტიკური სივრცის შეზღუდვამ შესაძლოა მომავალში პროცესები პარლამენტიდან ქუჩაში გადაიტანოს და რა გამოწვევების წინაშე დგას თავად ოპოზიცია.

ინტერვიუს უძღვება ჟურნალისტი ლევან ჭითანავა.

– საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვა გრძელდება. როგორ აფასებთ ამ პროცესს? რა სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას და რას ნიშნავს ეს საქართველოს პოლიტიკური სისტემისთვის?

–  ჩემი შეფასებით, ეს, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური პროცესია და არა მხოლოდ სამართლებრივი საკითხი. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გარკვეული ოპოზიციური ძალები პოლიტიკური სივრციდან ჩამოაშოროს, რათა მათთან დაპირისპირება აღარ მოუწიოს.

თუ გადავხედავთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდს, დავინახავთ, რომ ხელისუფლება მუდმივად დაპირისპირებულია ოპოზიციასთან. ახლა კი, როგორც ჩანს, ამ დაპირისპირების დასრულებას არა პოლიტიკური შეთანხმებით, არამედ ისეთი საკანონმდებლო გარემოს შექმნით ცდილობს, რომელიც ოპონენტების საქმიანობას შეზღუდავს.

ეს პროცესი მხოლოდ პარტიების აკრძალვის საკითხით არ დაწყებულა. მისი ნიშნები წლების განმავლობაში იკვეთებოდა – მათ შორის, საარჩევნო ბლოკების გაუქმებით, პოლიტიკური პარტიების საქმიანობისთვის შექმნილი შეზღუდვებითა და იმ ბიზნესის მიმართ ზეწოლით, რომელიც ოპოზიციას აფინანსებდა.

შემდეგ გაჩნდა სხვა საკანონმდებლო შეზღუდვებიც, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უცხოური დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებით. საბოლოოდ, მივიღეთ ვითარება, როდესაც პოლიტიკური აქტივობისთვის საჭირო ფინანსური და ორგანიზაციული რესურსების მოპოვება უფრო რთული გახდა.

ხელისუფლება ყველაფერს კანონმდებლობის ფარგლებში აკეთებს, თუმცა მხოლოდ ის ფაქტი, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება კანონით არის გათვალისწინებული, არ ნიშნავს, რომ ის დემოკრატიულ პრინციპებს შეესაბამება. როდესაც თავად კანონმდებლობა ზღუდავს პოლიტიკურ კონკურენციას, უკვე მისი სამართლიანობის საკითხი დგება.

– თქვენ ამბობთ, რომ ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვით პოლიტიკური პროცესი შეიძლება შეიზღუდოს. კონკრეტულად რა მასშტაბის შედეგებზე საუბრობთ?

– ეს საკითხი მხოლოდ ხუთი პარტიის გაუქმებას არ ეხება. ჩემი შეფასებით, შედეგები შესაძლოა ბევრად ფართო იყოს.

საუბარია იმ ადამიანებზეც, რომლებიც ა მ პარტიების საარჩევნო სიებში იყვნენ წარმოდგენილი. დაახლოებით 170 ადამიანზე შეიძლება გავრცელდეს შეზღუდვები, თუმცა საკითხი მხოლოდ კონკრეტული არჩევნების სიებით არ შემოიფარგლება.

თუ აკრძალული პარტიის წევრებსა და მასთან დაკავშირებულ პირებს პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება შეეზღუდებათ, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური აქტივობის სივრცე მნიშვნელოვნად ვიწროვდება.

აქ ჩნდება მთავარი პრობლემა: სად გადის ზღვარი პარტიის აკრძალვასა და ადამიანის პოლიტიკური უფლებების შეზღუდვას შორის? თუ კანონმდებლობა ისე იქნება განმარტებული, რომ აკრძალულ პარტიასთან წარსული კავშირი ადამიანს მომავალშიც შეუზღუდავს პოლიტიკურ საქმიანობას, მაშინ საქმე მხოლოდ კონკრეტული ორგანიზაციების გაუქმებას აღარ შეეხება.

ასეთ ვითარებაში შესაძლოა შეიქმნას გარემო, სადაც ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოლიტიკური საქმიანობა სხვადასხვა ფორმით შეიზღუდება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს საკითხი გაცილებით ფართო პოლიტიკური და სამართლებრივი პრობლემაა.

– რამდენად რეალურია საფრთხე, რომ ამ პროცესმა მთლიანად შეცვალოს პოლიტიკური კონკურენციის წესები საქართველოში?

– სწორედ ეს არის ჩემი მთავარი შეშფოთების მიზეზი. როდესაც პოლიტიკური კონკურენცია კანონმდებლობით იზღუდება, პრობლემა მხოლოდ კონკრეტული პარტიების ბედი აღარ არის.

საბჭოთა კავშირის მაგალითიც შეგვიძლია გავიხსენოთ. მაშინაც არსებობდა პოლიტიკური სისტემის სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც საბოლოოდ ერთპარტიულ მმართველობას ამყარებდა. თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ფორმალური კანონები ვერ უზრუნველყოფს სისტემის მდგრადობას.

თუ ხელისუფლება პოლიტიკურ კონკურენციას ზღუდავს და დემოკრატიული ცვლილებების შესაძლებლობას ამცირებს, შესაძლოა მომავალში პოლიტიკური დაპირისპირება სხვა სივრცეში გადავიდეს.

ჩემი აზრით, სწორედ აქ არის მთავარი რისკი: თუ ადამიანებს არ ექნებათ ხელისუფლების შეცვლის რეალური შესაძლებლობა არჩევნების გზით, შესაძლოა გაჩნდეს სხვა, გაცილებით მძიმე პოლიტიკური სცენარების საფრთხე.

მე ხელისუფლების რევოლუციური გზით ცვლილებას არ ვემხრობი. მიმაჩნია, რომ ასეთი ცვლილებები ქვეყნისთვის მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება იყოს. დემოკრატიის არსი სწორედ ის არის, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით იცვლებოდეს.

მაგრამ თუ დემოკრატიულ მექანიზმებს ასუსტებ, თავად ქმნი პრობლემას, რომლის შედეგებიც შესაძლოა შენივე კონტროლს გასცდეს.

– პარლამენტი დღესაც ფუნქციონირებს, კანონებს იღებს და პოლიტიკური დისკუსიებიც მიმდინარეობს. რატომ მიიჩნევთ, რომ პოლიტიკური პროცესი ფაქტობრივად შეზღუდულია?

– პარლამენტში კანონები ნამდვილად მიიღება, მაგრამ საკითხავია, რამდენად არსებობს იქ რეალური პოლიტიკური კონკურენცია.

პოლიტიკური პროცესი მხოლოდ კანონების მიღება ან სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა არ არის. ის გულისხმობს განსხვავებული პოზიციების განხილვას, დიალოგს, შეთანხმების შესაძლებლობასა და ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებშიც სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ინტერესები აისახება.

დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსტრუქციული დიალოგის შესაძლებლობას ვერ ვხედავ. როდესაც მხარეები ვერ თანხმდებიან საერთო საკითხებზე და ხელისუფლება ოპონენტებთან მოლაპარაკებისთვის მზად არ არის, პოლიტიკური პროცესი ფორმალურ სახეს იღებს.

იგივე შეიძლება ითქვას სატელევიზიო დებატებზეც. დებატები თავისთავად არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური დიალოგი არსებობს. რეალური პოლიტიკური პროცესი მაშინ იწყება, როდესაც მხარეები მსჯელობენ პრობლემებზე და ამ მსჯელობას შეთანხმება ან კონკრეტული გადაწყვეტილება შეიძლება მოჰყვეს.

ჩემი შეშფოთება სწორედ ის იყო, რომ ხელისუფლება სხვადასხვა ინსტიტუტში თანდათან საკუთარ კომფორტულ გარემოს შექმნიდა, სადაც გადაწყვეტილებების მიღება წინააღმდეგობის გარეშე შეეძლებოდა.

– არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლომ ხუთივე პარტია არ აკრძალოს და გადაწყვეტილება მხოლოდ რამდენიმე მათგანზე მიიღოს. რამდენად მოსალოდნელია ასეთი სცენარი?

– ამ ეტაპზე კონკრეტული პროგნოზის გაკეთება მიჭირს. თუმცა მიმაჩნია, რომ პრობლემა მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, საბოლოოდ ხუთივე პარტია აიკრძალება თუ არა.

უფრო მნიშვნელოვანი ის პრინციპია, რომელიც ამ პროცესით შეიძლება დამკვიდრდეს. თუ შეიქმნება ისეთი პრაქტიკა, რომლის საფუძველზეც პოლიტიკური პარტიის საქმიანობა და მასთან დაკავშირებული ადამიანების პოლიტიკური აქტივობა ფართოდ შეიზღუდება, ეს მომავალშიც შეიძლება იქცეს პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვის მექანიზმად.

ამიტომ საკითხს მხოლოდ კონკრეტული პარტიების რაოდენობით არ უნდა შევხედოთ. მთავარი ისაა, რა სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო ჩამოყალიბდება ამის შემდეგ.

– ახსენეთ ახალი პოლიტიკური სახეების გამოჩენის აუცილებლობა. როგორ აფასებთ ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესებს? შეიძლება თუ არა, რომ ახალი ლიდერები და ახალგაზრდული მოძრაობები არსებულ პოლიტიკურ კრიზისს ახალი გზით გაუმკლავდნენ?

– ახალი სახეების გამოჩენა მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ახალი ადამიანების გამოჩენა საკმარისი არ არის.

ჩვენ ვხედავდით პროცესებს სერბეთში, სადაც ახალგაზრდული და სტუდენტური მოძრაობები გააქტიურდნენ. ასეთი გამოცდილება საყურადღებოა, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ვითარება ერთმანეთისგან განსხვავდება და ერთი მოდელის პირდაპირ გადმოტანა ყოველთვის შესაძლებელი არ არის.

საქართველოში ახალი პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბების ნიშნები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვხედავ იმ მასშტაბის ორგანიზებულ და კოორდინირებულ მოქმედებას, რომელიც არსებულ პოლიტიკურ სისტემას რეალურ ალტერნატივას შესთავაზებდა.

მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ სწორად გაიაზროს, რომ საქმე მხოლოდ ერთი ხელისუფლების ან რამდენიმე პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ ბრძოლას არ ეხება. საუბარია სისტემაზე, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მოქმედებს.

ამიტომ წინააღმდეგობასაც შესაბამისი ორგანიზება, მკაფიო ხედვა და კოორდინაცია სჭირდება. მხოლოდ ცალკეული ჯგუფების აქტიურობა ან ახალი სახეების გამოჩენა საკმარისი არ იქნება, თუ მათ საერთო მიზანი და მოქმედების შეთანხმებული გეგმა არ ექნებათ.

– 25 ოქტომბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ პროტესტი გარე დაკვეთასა და დაფინანსებას ეფუძნებოდა და უცხოური დაფინანსების შეზღუდვის შემდეგ საპროტესტო მუხტი გაქრა. როგორ აფასებთ ამ განცხადებას? რა განსაზღვრავს დღეს საპროტესტო აქტივობის მასშტაბს?

– ამ განცხადების შეფასებისას მნიშვნელოვანია, პროტესტის მიზეზები და მისი დაფინანსების საკითხი ერთმანეთისგან გავმიჯნოთ.

საპროტესტო აქტივობა მხოლოდ დაფინანსებით არ განისაზღვრება. ადამიანებს შეიძლება ქუჩაში გამოსვლის სრულიად განსხვავებული მიზეზები ჰქონდეთ – პოლიტიკური უკმაყოფილება, უსამართლობის განცდა ან ქვეყნის მომავალთან დაკავშირებული შეშფოთება.

ხელისუფლება დღეს ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებიც, ჩემი შეფასებით, არა საზოგადოების კეთილდღეობაზე, არამედ საკუთარი პოლიტიკური პოზიციების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.

როდესაც ხელისუფლება ყველა მიმართულებით ზღუდავს სივრცეს, ეს უკმაყოფილებას ავტომატურად არ აქრობს. პირიქით, შესაძლოა დაგროვილი უკმაყოფილება გარკვეულ მომენტში უფრო მკვეთრად გამოვლინდეს.

ამიტომ მიმაჩნია, რომ ხელისუფლების მიერ არჩეული გზა პრობლემის გადაწყვეტას არ ემსახურება. თუ ყველა კარს კეტავ, საბოლოოდ შეიძლება ისეთი ვითარება შექმნა, როდესაც დაგროვილი პრობლემები ერთდროულად იჩენს თავს.

– ოპოზიციის მთავარ პრობლემაზეც მინდა გკითხოთ. ხელისუფლების გადაწყვეტილებების კრიტიკის მიუხედავად, ხშირად არ ჩანს ერთიანი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს პოლიტიკური პროცესი. რა სტრატეგია უნდა ჰქონდეს ოპოზიციას შექმნილ ვითარებაში?

– ოპოზიციის პრობლემა ნამდვილად არსებობს და მისი იგნორირება არ შეიძლება. პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებას არ ეკისრება – ოპოზიციამაც უნდა შეძლოს საკუთარი შეცდომების გააზრება.

დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პოლიტიკური ამბიციებია. ბევრს სურს, თავად გახდეს პროცესის მთავარი მონაწილე და ლიდერი. თუმცა პოლიტიკური ცვლილება მხოლოდ იმით ვერ მიიღწევა, რომ ერთი პოლიტიკური ძალა მეორემ ჩაანაცვლოს.

საჭიროა საერთო ხედვა, შეთანხმებული მოქმედება და ისეთი პოლიტიკური ალტერნატივის ჩამოყალიბება, რომელსაც საზოგადოება ენდობა.

ოპოზიციამ უნდა უპასუხოს მთავარ კითხვას: რას სთავაზობს საზოგადოებას არსებული ვითარების კრიტიკის გარდა? რა იქნება მისი სამოქმედო გეგმა და როგორ აპირებს პოლიტიკური პროცესის განვითარებას?

ამ ეტაპზე ვერ ვხედავ საკმარისად მკაფიო ნიშნებს, რომ ოპოზიციამ ეს ამოცანა წარმატებით გადაჭრა.

– შეიძლება თუ არა, რომ პარტიების აკრძალვის პროცესი თავად ოპოზიციისთვისაც სერიოზული გამოცდა გახდეს – შეძლებს თუ არა ის ძველი დაპირისპირებების გადალახვას, ახალი ლიდერების გამოჩენასა და საზოგადოებისთვის რეალური პოლიტიკური ალტერნატივის შეთავაზებას?

– რა თქმა უნდა, ეს ოპოზიციისთვისაც მნიშვნელოვანი გამოცდაა. ხელისუფლების მოქმედებების კრიტიკა აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ ეს ვერ იქნება საკმარისი.

ოპოზიციამ უნდა შეძლოს განსხვავებული პოლიტიკური ინტერესების გაერთიანება და საერთო მიზნის გარშემო შეთანხმება. ამავე დროს, საჭიროა ახალი იდეები და ისეთი ლიდერების გამოჩენა, რომლებიც საზოგადოებას არა მხოლოდ პროტესტის, არამედ პოლიტიკური გამოსავლის ხედვასაც შესთავაზებენ.

დღეს ამ მიმართულებით გარკვეული ამბიციები არსებობს, თუმცა ჯერ ვერ ვხედავ საკმარისად დამაჯერებელ ნიშნებს, რომ ჩამოყალიბებულია ერთიანი და ორგანიზებული ალტერნატივა.

მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ არსებული ვითარება მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური პოზიციების შენარჩუნების ჭრილში არ განიხილოს. მან უნდა იფიქროს, როგორ დაიცვას პოლიტიკური კონკურენცია და როგორ შესთავაზოს საზოგადოებას ისეთი გზა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

– დასასრულს, თქვენი შეფასებით, რა შეიძლება იყოს ამ პროცესის მთავარი პოლიტიკური შედეგი და რა უნდა იყოს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი?

– ჩემი აზრით, მთავარი საფრთხე პოლიტიკური სივრცის თანდათანობითი შევიწროებაა. თუ პოლიტიკური კონკურენცია იზღუდება, ინსტიტუტები კი რეალური დაპირისპირებისა და დიალოგის სივრცედ ვეღარ ფუნქციონირებს, ქვეყანა რთული გამოწვევების წინაშე დგება.

ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ პოლიტიკური პროცესის შეზღუდვა პრობლემებს არ აქრობს. შესაძლოა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყველაფერი კონტროლირებადი ჩანდეს, მაგრამ დაგროვილი უკმაყოფილება არსად ქრება.

ამავე დროს, ოპოზიციასაც ეკისრება პასუხისმგებლობა, საზოგადოებას რეალური პოლიტიკური ალტერნატივა შესთავაზოს.

ჩემთვის მთავარი ის არის, რომ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების დემოკრატიული მექანიზმები შენარჩუნდეს. თუ არჩევნებით ცვლილების შესაძლებლობას ვასუსტებთ, ეს ქვეყნისთვის დამატებით რისკებს ქმნის.